თურქეთში არმიას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. არმია იყო განმსაზღვრელი, ქვეყნის პოლიტიკური ძლიერების, როგორც რესპუბლიკამდელ, ასევე რესპუბლიკის დაარსების (1923) შემდგომ პერიოდში. არმიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა თურქი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასა (1918-1923 წლებში) და დამოუკიდებლობის მოპოვებაში. თურქეთის რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ არმია გახდა ძირითადი დასაყრდენი ძალა გარდაქმნების განხორციელების გზაზე. საყურადღებოა ისიც, რომ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი და ერთპიროვნული მმართველი იყო სამხედრო პირი, გენერალი მუსტაფა ქემალ ათათურქი. სწორედ ქემალ ათათურქის პრეზიდენტობის პერიოდში გატარდა ქვეყანაში მრავალი რეფორმა, რომელიც ქემალისტური რეფორმების სახელით არის ცნობილი.
აღნიშნული რეფორმის წყალობით თურქეთმა შეძლო გამხდარიყო ევროპული ქვეყნებისათვის მისაღები ძალა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ქემალიზმი კი აღმოჩნდა იდეოლოგია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახლად დაარსებული თურქეთის რესპუბლიკის მშენებლობას და მის შემდგომ განვითარებას. არ შეიძლება არ აღინიშნოს სამხედროების განსაკუთრებული როლი აღნიშნული რეფორმების გატარების საქმეში. ათათურქის გარდაცვალების შემდეგ არმია აღმოჩნდა ის ერთადერთი ძალა, რომელიც დაიცავდა ქემალისტურ პრინციპებს, რაც გულისხმობს სეკულარული სახელმწიფოს შენებას. მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან 2000 წლამდე ქვეყანაში სამხედროებმა 4-ჯერ მოახერხეს გადატრიალების მოწყობა. საინტერესოა აღნიშნული გადატრიალებების ძირითადი და მეორადი მიზეზები. რატომ ვერ ახერხებდა სამოქალაქო ხელისუფლება წინ აღდგომოდა სამხედროების ზეწოლას. იყო თუ არა რეალური შანსი გადატრიალებების თავიდან აცილებისათვის.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გადატრიალებების დროს მმართველი ძალა, ძირითადად დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პარტიები იყო. არმიის როლის კონსტიტუციით შეზღუდვა ჯერ კიდევ დემოკრატიული პარტიის მმართველობის დროს სცადეს, რასაც 1960 წლის სამხედრო გადატრიალება მოჰყვა. ქვეყანაში ახალი ძალის მოსვლის შემდეგ კი ისლამურმა ძალებმა ხელახალი ძალით იფეთქეს და განვითარების ზენიტს 90-იანი წლების მეორე ნახევარში მიაღწიეს, რამაც მმართველი რეჟიმების მარცხი, ხოლო ისლამისტური პარტიების გაუქმება გამოიწვია. არმია კვლავ ათათურქისეული სახელმწიფოს სადარაჯოზე იდგა, რასაც ვეღარ ვიტყვით 2002 წლიდან-დღემდე. მას შემდეგ რაც ხელისუფლების სათავეში ერდოღანი მოვიდა, დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანებისათვის აქტიური მზადება. თუმცა აღნიშნულ საკითხს საფუძველი ჯერ კიდევ 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ჰქონდა შერყეული. რა იყო რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მთავარი მიზანი, ევროკავშირში გაწევრიანების რეალური მცდელობა თუ ისლამისტური მთავრობის პოლიტიკის ნაწილი. რას ან ვის ემსახურებოდა ,,ერგენიკონის“ სახელით ცნობილი პროცესი, რომლის ძალითაც მრავალ სამხედრო თუ სამოქალაქო პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სამაგისტრო ნაშრომში არის მცდელობა გარკვეული პასუხი გასცეს აღნიშნულ საკითხებს, ისტორიული რეალობის გათვალისწინებით.
თურქეთში 20 წლის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით სამი სამხედრო გადატრიალება მოხდა (1960 წლის 27 მაისს, 1971 წლის 12 მარტს და 1980 წლის 12 სექტემბერს). იყო ერთი არაპირდაპირი გადატრიალებაც ( 1997 წლის 27 თებერვალს), როცა ერბაქანის მთავრობა სამხედროების ზეწოლის გამო იძულებული გახდა ხელისუფლებიდან გადამდგარიყო. ამას გარდა, რამოდენიმეჯერ ადგილი ჰქონდა სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობას, რომელიც კრახით დამთავრდა. სამხედროებმა თითოეული გადატრიალების დროს გარკვეული ვადით ხელში აიღეს ხელისუფლების მართვის სადავეები, თუმცა არც ერთ შემთხვევაში სამხედროების მმართველობა დიდი ხნით არ გაგრძელებულა (1960 წლის 27 მაისის გადატრიალებისას ეს დრო დაახლოებით ერთი წლით შემოიფარგლა, 1971 წლისათვის 2 წლის ვადით, ხოლო 1980 წელს 3 წლის ვადით). საგულისხმოა ის ფაქტიც რომ თითოეული გადატრიალების შემდეგ ქვეყნის კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები მიმდინარეობდა, იცვლებოდა ქვეყნის კონსტიტუცია. 1960 წლის გადატრიალების შემდეგ მიღებულ იქნა 1961 წლის კონსტიტუცია, რომელიც ყველაზე დემოკრატიულ კონსტიტუციად ითვლება თურქეთის ისტორიაში. 1980 წლის სამხედრო გადატრიალების 2 წლის თავზე კი 1982 წელს მიღებულ იქნა ხელახალი კონსტიტუცია, რომელშიც მრავალი ცვლილება განხორციელდა სამხედროთა სასარგებლოდ. 2002 წლიდან მრავალი ჩასწორება გაკეთდა ქვეყნის კონსტიტუციაში, არის კონსტიტუციის ცვლილების მცდელობები, თუმცა ქვეყანაში მოქმედ კონსტიტუციად დღემდე 1982 წელს მიღებული სამხედროების კონსტიტუცია რჩება.
რაც შეეხება სამხედრო გადატრიალებების მიზეზებს, სამივე შემთხვევაში განსხვავებული იყო. 1960 წლის 27 მაისის სამხედრო გადატრიალების მიზეზი დემოკრატიული და ლაიცისტური პრინციპების უგულებელყოფა იყო, რასაც დაემატა, დემოკრატიული პარტიის მიერ სამხედროების მიმართ განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებდა სამხედროების როლის შემცირებას სამოქალაქო მმართველობაში. ამავე პერიოდში ადგილი ჰქონდა გენერლების პენსიაზე იძულებით გაშვებას. სამხედროებს შეუმცირდათ ხელფასები. ასევე არსებობდა მოსაზრება, იმის შესახებ, რომ მთავრობა ეთათიზმის პრინციპის უარყოფას აპირებდა. ყველაფერთან ერთად 1958 წელს ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ კრიზისს, რამაც ქვეყანა სამხედრო გადატრიალებამდე მიიყვანა.
1971 წლის 12 მარტის სამხედრო გადატრიალების ძირითადი მიზეზი, მთავრობის მიერ ლაიცისტური პრინციპის უარყოფა და სოციალური პრობლემების არსებობა გახლდათ. ამ შემთხვევაში, მიუხედავად მთავრობის არასწორი პოლიტიკისა სამხედრო გადატრიალება არა მთავრობის, არამედ სამხედროების რიგებში ანარქისტული მოძრაობების ჩასახშობად იყო მიმართული. რომელთა მოთხოვნებიდან ერთ -ერთი მთავარი, თურქეთის რესპუბლიკიდან ამერიკული ჯარების გაყვანის მოთხოვნა იყო.
რაც შეეხება 1980 წლის 12 სექტემბრის გადატრიალებას, აღნიშნული გადატრიალების მთავარი მიზეზი სოციალური და ეკონომიკური კრიზისი იყო. 1970 წლიდან – 1980 წლის ჩათვლით ქვეყანას სამმა ეკონომიკურმა კრიზისმა გადაუარა ( 1970, 1977 და 1980 წლებში) რაც სამხედრო გადატრიალების ძირითადი მიზეზი გახდა.
სამივე გადატრიალების წინ ქვეყანაში იყო სრული ანარქია და ტერორი. მთავრობები ვეღარ ახერხებდნენ სიტუაციის მართვას და მხოლოდ არმიაღა რჩებოდა ძალა, რომელსაც შეეძლო სამოქალაქო ხელისუფლების ხელში აღებით მდგომარეობა დაერეგულირებინა. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ყოველი გადატრიალება ხდებოდა აშშ-ს სანქციით, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქ სამხედროებს ყოველი გადატრიალებისას ჰქონდათ ამერიკის და ნატოს თანხმობა. რასაც ევროკავშირზე ვერ ვიტყვით. თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებლად სწორედ სამხედრო გადატრიალებების მოწყობის ალბათობა და ზოგადად სამხედროების სამოქალაქო ხელისუფლებაში ჩარევის საკითხი ითვლება. რის აღმოსაფხვრელადაც 2002 წელს ხელისუფლებაში ერდოღანის მთავრობის მოსვლის შემდეგ, მრავალი ნაბიჯი გადაიდგა. განხორციელდა რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, რამაც შეამცირა სამხედროების როლი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. აღნიშნულმა ცვლილებებმა სამხედროების გაღიზიანება გამოიწვია. რასაც მოჰყვა ,,პოლიტიკური ურო“ თურქეთის თავზე. ისმის კითხვა: ჰქონდა კი სამხედროების მხრიდან რაიმე რეალური გადატრიალების მზადებას ადგილი? თუ ეს ყოველივე ერდოღანის პოლიტიკის ნაწილი იყო? გამოძიებიდან ირკვევა, რომ სამხედრო გადატრიალების რეალური საფრთხეები არსებობდა. ერდოღანის განცხადებით სწორედ აღნიშნული არეულობის წინააღმდეგ იყო მიმართული ,,ერგენიკონის პროცესი“, რომელსაც მრავალი გენერლის, პოლკოვნიკის თუ ოფიცრის დაპატიმრება მოჰყვა, დაპატიმრებულები არიან სამოქალაქო პირებიც. მსგავს ქმედებას სამხედროების მიმართ, არც ერთი ხელისუფლების დროს ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა რომ 90 -იან წლებში ქვეყნის ხელისუფლებაში პროისლამური ძალები მომძლავრდნენ, სამხედროებმა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილება მაინც მოახერხეს, რასაც დროებით ისლამისტური პარტიების გაუქმება მოჰყვა, თუმცა 2002 წელს ხელისუფლებაში კვლავ მძლავრი ისლამისტური ძალა მოვიდა, ერდოღანის და მისი მთავრობის სახით.
თანამედროვე თურქეთის დამაარსებელმა ქემალ ათათურქმა ახალი თურქეთი მკაცრად დააფუძნა სეკულარიზმსა და ევროპეიზმის პრინციპებზე, თურქეთის რესპუბლიკის პოლიტიკური ცხოვრება, რესპუბლიკის დაარსებიდან დღემდე, მნიშვნელოვნად ამ პრინციპებსა და რელიგიური ხასიათის მქონე ე.წ. თურქულ ,,ტრადიციონალიზმს“ შორის ბრძოლის ნიშნით მიმდინარეობს.
პირველად თანამედროვე თურქეთის ისტორიაში 2010 წლის ნოემბერში სამი გენერალი დაითხოვეს თავიაანთი პოსტებიდან, სამოქალაქო ხელისუფლების გადაწყვეტილებით. ბრძანებას ხელი მოაწერეს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა. ხელისუფლების განცხადებით ყველაფერი განხორციელდა კანონის ფარგლებში. თუმცა აღსანიშნავია რომ ადრე მსგავს გადაწყვეტილებებს მხოლოდ შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბი იღებდა. გენერლებმა შეიტანეს საჩივარი უმაღლეს სამხედრო სასამართლო ორგანოში. ეს გენერლები არიან აგრეთვე იმ 200 ოფიცერს შორის, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან 2003 წელს სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში. გამოძიებამ შეთქმულების თაობაზე რომელსაც სამხედროები არ ადასტურებენ, გაამწვავა ურთიერთობა მთავრობასა და არმიას შორის. მთავრობის ქმედება არმიის მიმართ გააკრიტიკეს ოპოზიციურმა პარტიებმაც.
აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ 2011 წელს ჩატარებული რეფერებდუმით, თურქეთის სასამართლო სისტემაში პრინციპული ცვლილება შევიდა. გაუქმდა სამხედრო სასამართლოები. სამხედროების გასამართლების პრეროგატივა კი სამოქალაქო სასამართლოებს გადაეცათ. გენერალიტეტის შესუსტებასთან ერთად, გაძლიერდნენ რელიგიური ჯგუფები.
დღეს თურქეთის კანონმდებლობით სამხედროების როლი მკვეთრად შემცირებულია. სამხედროებს ძალა აღარ შესწევთ მოახდინონ სამხედრო გადატრიალება და დადგნენ ლაიცისტური პრინციპის სადარაჯოზე, რომელიც არ არის გამორიცხული თურქეთის ხელისუფლების მხრიდან უგულებელყოფილ იქნას. რაც თავის მხრივ გამოიწვევს დარჩენილი ქემალისტური პრინციპების ჩამოშლას.
მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით ქვეყანაში მრავალი საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა. ევროპა ჯერ -ჯერობით არ არის მზად ხელი მოაწეროს მრავალმილიონიანი თურქეთის ევროკავშირის რიგებში გაწევრიანებას. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე ძნელი სათქმელია თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანება უახლოეს მომავალში მოახერხოს. ამას ემატება ის ფაქტიც რომ თურქეთმა კურსი აღმოსავლეთისკენ აიღო. ერდოღანმა დაიწყო ამერიკისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება. ეს მრავალი კუთხით გამოიხატა. ერთ- ერთი მთავარი კი ისრაელთან დაპირისპირება და ისლამისტური სახელმწიფოების წისქვილზე წყალის დასხმაა. ერდოღანი შეუდგა პროისლამური პოლიტიკის გატარებას. ჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება იყო მიზეზი, რომლის ძალითაც ერდოღანმა მოახერხა სამხედროების საკუთარი დაქვემდებარების ქვეშ აყვანა. რათა არ შექმნოდა მის პოლიტიკას შიდა საფრთხეები.
ინტერესს არ არის მოკლებული, თუ რა მოხდება მომავალში. ასეთ ვითარებაში არ არის გამორიცხული ჩვენს მეზობლად ახალი პროისლამური პოლიტიკის გამტარებელი სახელმწიფო გაჩნდეს, თურქეთის რესპუბლიკის სახით. არ გამოვრიცხავ თურქეთმა ტრანსფორმაცია განიცადოს და გახლეჩილი სახელმწიფოდან ახლო აღმოსავლეთის ბირთვ სახელმწიფოდ მოგვევლინოს.
Comments
Post a Comment